Tuesday, June 9, 2009
თუშეთი
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგო–აწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი.
თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის, დანოს, ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.
მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3574 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო (3180 მ).
მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის, ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.
თუშეთის რელიეფი და მისი ძირითადი ტიპები ჩამოყალიბებულია მეოთხეული პერიოდის ვერტიკალური მოძრაობებით, გამყინვარებით, მდინარეული ეროზიითა და მექანიკური გამოფიტვით.
ვაკეებიდან გამოირჩევა ომალო-დიკლოს ვაკე, რომელიც ალაზნის კანიონით გაყოფილია ორ ნაწილად. აქვეა ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე. აღსანიშნავია აგრეთვე თურსიეხის, ქვახიდის, წოვათის, ალაზნის თავის და სხვა პატარ-პატარა ვაკეები